კომაროვის საგანმათლებლო შენობათა კომპლექსი, რიგ სხვა შენობათა შორის, ასევე მოიცავს სასადილოსაც. აქ დასაქმებული მაღალ კვალიფიციურ მზარეულთა გუნდი უზრუნველყოფს პანსიონელი მოსწავლეების კვებას. შენობაში უმაღლეს დონეზეა დაცული ყველა სახის სანიტარული მოთხოვნა. სასადილო ფლობს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, მრავალფუნქციურ საცხობ დანადგარსა და სამზარეულოსთვის აუცილებელ სხვა რიგ ხელსაწყოებს. მალფუჭებადი პროდუქციის შემოტანა დღიურად ხორციელდება, ხოლო გრძელვადიანი გამოყენების ნედლეულის შემთხვევაში კი სასადილო აღჭურვილია შესაბამისი სამაცივრე დანადგარებით.
მნიშვნელოვანია, რომ სასადილოს მენიუ შედგენილია განათლების სამინისტროში არსებული პროფესიონალების გუნდის მიერ. რაციონი იმგვარადაა შემუშავებული, რომ უზრუნვეყოფილი იყოს როგორც მოსწავლის ენერგიით (კალორაჟით) უზრუნველყოფა, ასევე მათი ასაკისთვის მინერალებითა და ვიტამინებით ადექვატური მომარაგება. მენიუ ორ კვირაში ერთხელ მეორდება, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას. ჯამში პანსიონი საკუთარ აღსაზრდელებს 149 დასახელების კერძს სთავაზობს, მათ შორის: ხორცს (საქონლისა თუ ქათმის), რძის პროდუქტებს (იოგურტი, რძე, კარაქი და სხვ.), სხვადასხვა დასახელების ბოსტნეულს, პურ-ფუნთუშეულს, თხილს, ჩირსა და ხილს.
ცნობილია, რომ მოზარდებისთვის უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული კვება. შესაბამისად, ჩვენს სასადილოში მოქმედებს 5-ჯერადი კვების რეჟიმი. მოსწავლეებს საშუალება აქვთ მიირთვან ძირითადი კერძები სკოლაში წასვლამდე, შუადღეს თვითმომზადების დაწყებამდე და საღამოს დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. შუალედებში კი შეუძლიათ მსუბუქად წაიხემსონ.
დამატებითი საჭიროებისთვის პანსიონს საკუთარ შენობაშიც აქვს მოწყობილი საკვები სივრცე. საერთო საცხოვრებლის საკუთრებაშია მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი და სხვა საცხობი თუ სამაცივრე დანადგარები. ამ ბუფეტში მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოიხმარონ დღის განმავლობაში სასადილოში დარჩენილი საკვები. დამატებით, აღსაზრდელებს, სურვილისამებრ, საშუალება აქვთ შეისწავლონ კულინარია და პანსიონელებს საკუთარი მომზადებული კერძები შესთავაზონ.